ჩანახატები





ბათუმი, ანუ ჭრელი გრძნობების ქალაქი
                                                                       

 ეს ბათუმია! განსაკუთრებული ქალაქი... ჩვენი ბათუმი, ჩვენი ძველისძველი, ზაფხულის მოგონებების წიგნი... ბათუმი - ეს არის გასაოცარი სილამაზის მქონე ქალაქი, რომელიც განსაკუთრებულია და ვერ ვპოულობ ისეთ სიტყვას, რომელიც ბათუმის სილამაზეს მიესადაგება... რადგანაც შესიტყვებაც კი ვერ მოვძებნე ბათუმის აღსაწერად, მინდა გადმოქცეთ ჩემი ასოციაცია ბათუმის გახსენებისას...
სულ სხვაა ჩვენი ქალაქი დილით, როცა აივანზე გასულს ცხვირზე ზღვის ცივი და სუფთა ჰაერი მოგელამუნება... ჩაფიქრდები და უცებ, ძალდაუნებურად მოგინდება ქალაქის სილამაზით ტრფობა (ასე შეიძლება უსასრულოდ იფიქრო). როცა გარეთ არავინაა, ყველა სახლში გამათბობლებს მიჰყუდებია, მაშინ უნდა გახვიდე ზღვის პირას და დაჯდე... ეს ის დროა, როცა ხელები გეყინება, მაგრამ ადგომა არ გინდა, ტუჩები გესუსხება, მაგრამ არ დგები, ტანში გაჟრჟოლებს, მაგრამ მაინც ზიხარ... გასცქერი თეთრ თოლიებს, ქათქათა ღრუბლებს, მზეს, რომელსაც ფერი შეცვლია, თითქოს მასაც შესცივდაო...
გამოივლი ქუჩებში, სევდიან, ჩაჩუმებულ ქუჩებში, სადაც შენც ძალდაუნებურად გაჩუმდები, რადგან გერიდება სიჩუმის დარღვევა... შენ მიუყვები ქვაფენილს და ყოველ ნაბიჯში ბათუმისადმი სიყვარული უფრო გიმძაფრდება... დაინახავ ძველისძველ ხის კარებს, მოძველებულ სახლებს, ჩაჩუმებულ ქუჩებს, ლამპიონებს, სევდას, სითბოს, სიყვარულს და ამ დროს შენში ჭრელი გრძნობები ერთმანეთში ირევა და შენ არ იცი, თუ რა დაარქვა ამას...
მე გეტყვით, რომ შეგიძლიათ ეს ჭრელი გრძნობები ერთი სიტყვით გადმოსცეთ... ბათუმი! ეს ბათუმია და არა უბრალო ქალაქი,ეს ჭრელი გრძნობების ქალაქია...
ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment